ნაირა გელაშვილის წიგნის "პირველი ორი წრე და ყველა სხვა" წარდგენა

Published: 26 May 2023
on channel: Caucasian House
231
8

2023 წლის 23 მაისს, სამშაბათს საღამოს 7 საათზე მწერალთა სახლში
შედგა წარდგენა-განხილვა ნაირა გელაშვილის რომანისა
„პირველი ორი წრე და ყველა სხვა“

მოდერატორები და მომხსენებლები:
მაია ალუდაური (ფილოლოგი, გამომცემლობა პალიტრა)
ლევან ლორთქიფანიძე (პოლიტოლოგი, კავკასიური სახლი)
ოქტაი ქაზუმოვი (ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურის ინსტიტუტი).
რომანი დაიწერა 1992-94 წლებში. 2008 წელს ჩაუტარდა საბოლოო რედაქცია. პირველად გამოიცა 2009 წელს (კავკასიური სახლი) და მალევე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. მოთხოვნილება მასზე კი დიდი იყო.
2023 წლის გაზაფხულზე გამოცემლობა პალიტრამ რომანი მეორედ გამოსცა.
რომანში ასახულია 1988 – 1989 წლებში პოლიტიკურ არენაზე გამოსული ძალების მიერ უნიკალური შემოქმედებითი ორგანიზაციის, ევროპული ტიპის დაწესებულების - „თარგმანის ცენტრის“ გაუქმება-დარბევა. ( ეს დაწესებულება 1973 წლიდან მართლა არსებობდა თბილისში). ამ ორგანიზაციაში მუშაობდნენ ევროპული კულტურის, ფილოსოფიის, ენებისა და ლიტერატურის მცოდნეები. რომანის მიხედვით იგი ფაქტობრივად საქართველოს ინტელექტუალური ცენტრია.
„თარგმანის ცენტრი“ რეალურად ხელს უშლიდა როგორც კომუნისტური ხელისუფლების წინააღმდეგ ბოლშევიკური მეთოდებით მებრძოლ ახალ ძალას - აგრესიულ ნაციონალიზმს, ასევე საბჭოთა მწერალთა კავშირსაც, რადგან წარმოადგენდა თავისუფლად მოაზროვნე, განათლებულ ადამიანთა კერას და არ ექვემდებარებოდა არც ყავლგასულ კომუნისტურ იდეოლოგიას, არც ხელისუფლებისკენ მიმსწრაფი ნაციონალისტების პროპაგანდა-აგიტაციას.
რომანში დიდ დანაშაულად არის წარმოდგენილი, როგორც „თარგმანის ცენტრის“ გაუქმება-დარბევა, ასევე ცხრა აპრილის ტრაგედია და ის საშიში ანტიმუსლიმური კამპანია, რასაც ახალი პოლიტიკური ძალები აჩაღებდნენ.
ამ ყველაფერს ადამიანთა სიცოცხლე და ღირსება ეწირებოდა; ამ ყველაფერს ეწირებოდა მშვიდობა, განათლება და ყოფითი კულტურა; ამ ყველაფერს შეეწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
რომანის სახელწოდება „პირველი ორი წრე და ყველა სხვა“ პირველ რიგში ამას ნიშნავს: როგორიც იყო 1988 და 1989 წლები, იმავე წრეებში გაგრძელდა საქართველოს ცხოვრება, რადგან ობიექტურად არ შეფასდა იმ წლების მოვლენები, რადგან არ დაიწერა პირუთვნელი ისტორია.
რომანს აზრობრივ რეფრენად გასდევს, რომ „სიცრუეზე და ორპირობაზე“ წესიერი ცხოვრება ვერ აშენდება, „რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა“.
რომანი წარმოადგენს პროზისა და პოეზიის საინტერესო სინთეზს, რაც ნაირა გელაშვილის პროზას საერთოდ ახასიათებს.
რომანში მთავარი პლანია მთარგმნელთა და მწერალთა შემოქმედებითი პროცესები, პოლიტიკური პროცესები კი ფონია, იქამდე ვიდრე პოლიტიკა ამ შემოქმედებით ცენტრს საერთოდ არ გაანადგურებს.