🟣 რაინერ მარია რილკე - ანგელოზს
ზეცის კიდეზე აღმართულო, დიდო ლამპარო,
შენს ზემოთ უფრო იკვეთება ღამე დიადი.
ხოლო ჩვენ ვცოდავთ ბნელი ყოყმანით
შენს საძირკველთან, გვფარავს წყვდიადი.
ჩვენი ხვედრია: არ ვიცოდეთ გამოსასვლელი,
ვერ დავეღწიოთ ჩვენი სულის მრუმე ტალანებს,
ჩვენს დაბრკოლებებს მნათობივით თავზე დასცქერი
და ვით მთაგრეხილს, აგიზგიზებ და ავარვარებ.
წადილი შენი ჩვენს საუფლოს არ ეკარება:
ზემოთკენ გვიხმობს, ჩვენ კი ვერ ვგრძნობთ,
ძირს რომ ვეშვებით,
ვით გაზაფხულის ბუნიობის ღამე სპეტაკი -
დღეს მიჯნავ დღისგან, სამანს შუქად მიმოეშლები.
ვით შეიძლებდა ჩვენთაგანი, შენთვის გაენდო
ეს აღრეული ჩვენი ყოფა, განაწვალები,
შენ ხარ დიდება დიდებათა, ჩვენ კი საერთოდ,
რაღაც უმცირესს შევალიეთ ჩვენი ძალები.
ჩვენ, დიდი-დიდი ფხიზლები ვართ - თუ ვაკვირდებით,
და გულისამაჩუყებელნი - როდესაც ვტირით;
ვერვის აცდუნებს სამყაროში ღიმილი ჩვენი
და, თუ აცდუნებს, ვინ გაჰყვება ნეტავ, ამ ღიმილს?
ვიღაც, ო, ნუთუ, ანგელოზო, ვკვნესი და ვოხრავ,
რარიგ ვიკვნესებ ნეტავ ესოდენ?
მე ვყვირი, ვყვირი, ვუხათქუნებ ერთმანეთს ორ ხეს,
და არ მგონია, ქვეყანაზე ვინმეს ესმოდეს.
შენ რომ არ მგრძნობდე, არ მოგწვდება მანდ ჩემი ხმები,
რადგან ვარსებობ, ო, ანათე, ანათე, აგრე.
გამომაჩინე ვარსკვლავებში, რადგანაც ვქრები,
რადგან სიკვდილით მევსება ბაგე.
✍️ თარგმნა თამაზ ბაძაღუამ